მემორანდუმის ხელმოწერა თსუ-სა და ა/ო „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისათვის“ შორის

მემორანდუმის ხელმოწერა თსუ-სა და ა/ო „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისათვის“ შორის

2021 წლის 4 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, წარმოდგენილი მისი რექტორის გიორგი შარვაშიძის და ,,პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ წარმოდგენილი ­­მისი თავმჯდომარის მამუკა ჯიბუტის სახით, ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ამერიკელმა პარტნიორმა, დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის ქალთა და ბავშვთა აივ ცენტრის დირექტორმა ჯეკ დეჰოვიცმა ღონისძიებაში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში მიიღო.  

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების ჯანრთელობის ეროვნული ინსტიტუტის გრანტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/ შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-სასწავლო პროცესების  ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

მხარეთა თანამშრომლობა ითვალისწინებს მომავალი თაობის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობების გაძლიერებას იმპლემენტაციის მეცნიერებაში უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამასთან თანამშრომლობით.

პროექტის ორგანიზაციული და ფინანსური ხელშეწყობით 10 დოქტორანტი გაივლის სწავლებას თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. რვა თვის განმავლობაში სტუდენტები ტრენინგს გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირველ ოთხ თვეში დაასრულებენ  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შერჩეულ კურსებს ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა