მოკლევადიანი სასწავლო კურსი - აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა

მოკლევადიანი სასწავლო კურსი - აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა


პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის (PRAH) მიმდინარე გრანტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ, აცხადებს მიღებას და იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს ახლად შემუშავებულ, მოკლევადიან კურსზე - აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა - დასასწრებად. 

კურსი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ეპიდემიოლოგია“ ნაწილს და განკუთვნილია დოქტორანტებისთვს მეორე სასწავლო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მკვლევარებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ აივ-ის სფეროში.

კურსის მიზანია სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლოს იმპლემენტაციის მეცნიერება, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება შემუშავდეს და პრაქტიკაში ინტეგრირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები. ეს კურსი მოიცავს იმპლემენტაციის მეცნიერების ფუნდამენტურ ელემენტებს და ასწავლის აუცილებელ უნარებს, რომლებიც საჭიროა შესაბამისი მეთოდების ეფექტურად გამოსაყენებლად, რათა გადაილახოს ბარიერები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მდგრადობის უზრუნველყოფის და განვრცობისათვის. სტუდენტები/მსმენელები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ და შეაფასონ გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელების ბარიერების დასაძლევად. კერძოდ, ეს კურსი სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლის აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის: კონცეპტუალურ ჩარჩოებს, კვლევის დიზაინს, პროგრამის შეფასებას, და სხვ., და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ კონცეფციების უკეთ გასაგებად მათი გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში გამოყენების გზით.

კურსს ჩაატარებენ PRAH/თსუ ფაკულტეტის წევრები ამერიკელი პარტნიორების პირისპირ და ონლაინ მონაწილეობით. ამერიკელ პარტნიორებს შორის არიან აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის, აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრისა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის წარმომადგენლები. 

თარიღი: 2022 წლის 10-28 ოქტომბერი

ჩატარების ადგილი: თსუ, I კორპუსი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1

მიწოდების რეჟიმი: პირისპირ

ენა: ინგლისური 

ხანგრძლივობა: 14 სესია 3 კვირის განმავლობაში

სესიის ხანგრძლივობა: 3 საათი (15:00 საათიდან 18:00 საათამდე)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ინტერესის წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი, სადაც მოკლედ იქნება აღწერილი კანდიდატის განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და იმპლემენტაციის კვლევების მიმართ ინტერესი) 2022 წლის 5 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: partnership@prah.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის საგანში მიუთითოთ კურსის სახელწოდება „აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა“.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა