2023 წლის 24 მაისს პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა ფაკულტეტის მეხუთე სამუშაო შეხვედრა შეერთებულ შტატებში, რომელსაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლამ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ გრანტის მთავარი მკვლევარები, ბ-ნი მამუკა ჯიბუტი და ბ-ნი ჯეკ დეჰოვიცი, ფაკულტეტის ამერიკელი წევრები - დენიელ ომპადი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ვიცე-დეკანი აკადემიურ საკითხებში, ეპიდემიოლოგიის პროფესორი, ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე; რამეშ რაგავანი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლის პროფესორი; ჯეიმს ტესორიერო, ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის პროგრამების განვითარების, იმპლემენტაციის, კვლევისა და შეფასების ცენტრის დირექტორი; ელიზაბეტ როზენტალი, ამავე ცენტრის პროგრამების მთავარი კოორდინატორი; ასევე სხვა პოტენციური პარტნიორები - თინა კილაბერია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლის ასისტენტ პროფესორი და სუზან ვოლტერსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასისტენტ პროფესორი, ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ კვლევითი ცენტრის აფილირებული მკვლევარი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული აივ/შიდსის იმპლემენტაციის მეცნიერების კურსის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარდა. შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს კურსის შეფასების შედეგები და შეიმუშავეს რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად. განახლებული კურსი 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება საქართველოში.
პარტნიორებმა ასევე განიხილეს მონაწილე ინსტიტუციებს შორის კვლევითი კოლაბორაციის გაძლიერების საკითხები, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვის გზით, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში აივ პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის კასკადზე აივ და სიბერის, აივ და არაგადამდები დაავადებების, აივ და სტიგმის გავლენის შესწავლაზე.
ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი მამუკა ჯიბუტი შეხვდა აშშ-ს რამდენიმე პარტნიორს, მათ შორის:
- ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის დეკანსა და ფაკულტეტის წევრებს და განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
- ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ინტერნატურის მიმდინარე და სამომავლო გეგმების განსახილველად.
ფაკულტეტის მეექვსე სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტნიორები დამატებით განიხილავენ ზემოხსენებული თანამშრომლობის პოტენციალის შემდგომ განვითარებას.