დოქტორანტების მეორე კოჰორტამ პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში სწავლა დაასრულა ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში. ამჟამად სტუდენტები ინტერნატურას გადიან ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში და ჩართული არიან სხვადასხვა პროექტებში:
თამარ ზურაშვილი - მუშაობს პროგრამების შეფასებისა და კვლევების ოფისის და ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობის ოფისის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია ხარისხობრივი კვლევის ანალიზში და სტატიის წერაში, რომელიც ეხება შპრიცების გაცვლის პროგრამების ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას.
მარინე (მაკა) გოგია - მუშაობს პროგრამების შეფასებისა და კვლევების ოფისის თანამშრომლებთან ერთად და ჩართულია ნიუ-იორკის შტატში ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის სოციალური მედიის გამოყენების გამოკითხვის განხორციელებაში. ის მონაწილეობას მიიღებს მონაცემთა ანალიზში, ანგარიშის შემუშავებასა და სტატიის წერაში.
თეა შენგელაია - მუშაობს პროგრამების განვითარების, იმპლემენტაციის, კვლევისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და ჩართულია ლგბტ თემის საჭიროებების შესახებ შეგროვებული მონაცემების ანალიზში. კვლევის კითხვების შემუშავება მოხდება აივ/სგგი/C ჰეპატიტის პრევენციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად. საბოლოო პროდუქტი იქნება სტატია.
ლიანა შენგელაია - მუშაობს აივ/სგგი/ C ჰეპატიტის პრევენციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდების ჯანმრთელობის ადვოკატირების ახლად დაფინანსებული პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამა ნიუ-იორკის შტატის 7 სააგენტოს მოიცავს. მისი მოვალეობებია: სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების ყოვლისმომცველი სასწავლო გეგმის და ახალგაზრდებისთვის მეგობრული გარემოს შესაქმნელად საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება პროვაიდერებთან და ახალგაზრდებთან ფოკუს ჯგუფების ჩატარების გზით. იგი ასევე ჩართული იქნება პროგრამების განვითარების, იმპლემენტაციის, კვლევისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად აივ-სა და დაბერების პროცესის შესახებ სტატიის წერაში.
თათია მაღლაფერიძე - ჩართულია კვლევის პროტოკოლის შემუშავებაში. კვლევა ეხება DoxyPrEP/PEP-ის ეფექტურობის შეფასებას სიფილისის, ქლამიდიის და/ან გონორეის პროფილაქტიკაში; პოტენციური საპილოტე პროექტისთვის პრიორიტეტული პოპულაციის განსაზღვრა მოხდება დამოკიდებულების/რწმენის კვლევის შედეგებისა და არსებული ლიტერატურის საფუძველზე. ის ასევე მუშაობს პროგრამების განვითარების, იმპლემენტაციის, კვლევისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად შიდსის ინსტიტუტის პროგრამული მონაცემების მეორად ანალიზზე და სტატიის შემუშავებაზე, რომელიც ეხება აივ/სგგი ინტეგრირებულ სკრინინგს.
მარიამ ფაშალიშვილი - მუშაობს პროგრამების შეფასებისა და კვლევების ოფისის თანამშრომლებთან ერთად და ჩართულია ნარკოტიკების მომხმარებლებში ლიდერობის განვითარების ტრენინგის შესაფასებლად ხარისხობრივი ინტერვიუების ჩატარებას, მონაცემთა ანალიზსა და შეფასების ანგარიშის შემუშავებაში. ის ასევე ჩართულია ნალოქსონის მოხმარების შესახებ მონაცემთა ანალიზსა და სტატიის წერაში.