2023 წლის ოქტომბრიდან, პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო ახალი კვლევითი პროექტის განხორციელება „ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე აივ დადებითი, ხანდაზმული პირების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების გადაჭრა საქართველოში“, რომელიც წარმოადგენს ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული გრანტის - „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ - დამატებით კომპონენტს.
პროექტის მთავარი მიზანია აივ ზრუნვის კასკადზე თავის ტვინის ჯანმრთელობის ნეგატიური შედეგების ზემოქმედების შესწავლა/გადაჭრა საქართველოში მცხოვრებ, ხანდაზმულ აივ ინფიცირებულ პირებს შორის.
სასწავლო კურსი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები წარმოადგენს დამატებითი საგრანტო კომპონენტის სასწავლო ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აივ დადებით პირებზე ფოკუსირებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ უფრო ფართო გაგების ჩამოყალიბება.
კურსს უძღვებოდა ბ-ნი რამეშ რაგავანი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლის პროფესორი. კურსი გაიარა ოთხმა ქართველმა მონაწილემ, მათ შორის მაია ქაჯაიამ, ახალგაზრდა მკვლევარი დამატებითი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ასევე არის პირველი კოჰორტის დოქტორანტი ძირითადი გრანტის ფარგლებში, და სამმა დოქტორანტმა როგორც პირველი, ისე მეორე კოჰორტიდან, რომელთა სადოქტორო კვლევითი პროექტები ფოკუსირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.
2023 წლის 23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა სასწავლო კურსის პირველი 5 სესია თბილისში, პირისპირ რეჟიმში. სესიები ფოკუსირებული იყო შემდეგ თემებზე: ფსიქიკური დაავადება და ფსიქიკური ჯანმრთელობა; ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საჭიროება და ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ხარისხი; და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიწოდების სისტემები.
კურსი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე.