დოქტორანტების პუბლიკაციები

დოქტორანტების პუბლიკაციები

მიმდინარე გრანტის ფარგლებში (D43TW11532; სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში), რომელიც დაფინანსებულია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ, PRAH-ის დოქტორანტების მიერ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომები:

ესმა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა სამი კვლევა: (1) „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ხანდაზმულ აივ დადებით პირებში კოგნიტური ჯანრთელობის შესახებ ჩატარებული კვლევები: მიმოხილვა“, (2) „გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები და კოგნიტური მაჩვენებლები აივ დადებით პირებში: ჯვარედინ-სექციური კვლევა საქართველოში“ და (3) „ფსიქიკური ჯანმრთელობა და კოგნიტური შესაძლებლობები აივ დადებით, ხანდაზმულ პირებში, საქართველოში“. პირველი კვლევა მიმოიხილავს არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას აივ დადებითი პირების კოგნიტიური ჯანმრთელობის შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 1388 სტატიიდან მხოლოდ 15 აკმაყოფილებდა ჩართვის კრიტერიუმებს, მეთოდების ფართო ვარიაციით და ხანდაზმულ პოპულაციებზე შეზღუდული ფოკუსით. მიმოხილვამ გამოავლინა იდენტიფიცირებული რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ ინფორმაციის სიმწირე, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკისა და ინტერვენციების წარმართვისთვის სტანდარტიზებული, მასშტაბური კვლევების აუცილებლობას. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში BMJ Open: იხილეთ სტატია სრულად. მეორე, ჯვარედინ-სექციურ კვლევაში ჩაერთო 40 წელს გადაცილებული 125 აივ დადებითი პირი საქართველოს ხუთი სხვადასხვა ქალაქიდან. მიზანი იყო მონაწილეებში გულ-სისხლძარღვთა რისკების შეფასება და კოგნიტურ ფუნქციონირებასთან მათი კავშირის დადგენა. კვლევის შედეგებმა აჩვენა გულ-სისხლძარღვთა რისკის მაღალი გავრცელება, რაც მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული კოგნიტური ტესტების არასასურველ შედეგებთან. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს უფრო მასშტაბური, გრძელვადიანი კვლევების საჭიროებას, ასევე შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას, რათა შემცირდეს ვასკულარული რისკ-ფაქტორების უარყოფითი გავლენა აივ დადებით პირთა თავის ტვინის ჯანმრთელობაზე, საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში BMJ Open: იხილეთ სტატია სრულად. მესამე, ჯვარედინ-სექციური კვლევა მიზნად ისახავდა 40 წელს გადაცილებულ აივ დადებით პირებში ფსიქიკური და კოგნიტიური ჯანმრთელობის შეფასებას. შედეგებმა აჩვენა დეპრესიის (51%), შფოთვის (47%), ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე კოგნიტიური დარღვევების მაღალი გავრცელება (MoCA <26 — 89%-ში) ამ პოპულაციაში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში Ethnicity & Disease: იხილეთ სტატია სრულად.     

მარიამ ფაშალიშვილმა ავტორობა გაუწია კვლევას „დეპრესია და შფოთვა აივ დადებით პირებსა და საკვანძო პოპულაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში: მიმოხილვა.“ ეს მიმოხილვა მოიცავს 58 კვლევას, რომლებიც ეხება დეპრესიისა და შფოთვის საკითხებს აივ დადებით პირებსა და საკვანძო პოპულაციებში. გავრცელების მაჩვენებლები მაღალი და ძლიერ ცვალებადი იყო (დეპრესია — 8.5%-დან 88%-მდე; შფოთვა — 3%-დან 74%-მდე), ხოლო გამოყენებული ინსტრუმენტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული. შედეგები ხაზს უსვამს სტანდარტიზებული შეფასების მეთოდების დანერგვის, გრძელვადიანი კვლევების ჩატარების და იმპლემენტაციის ბარიერების დაძლევის საჭიროებას, რათა გაუმჯობესდეს მენტალური ჯანმრთელობისა და აივ-ის გამოსავლები რეგიონში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში BMJ Public Health: იხილეთ სტატია სრულად.

მარინე გოგიამ ავტორობა გაუწია კვლევას „აივ ინფექციასთან დაკავშირებული ფაქტორები და აივ ტესტირების სერვისების გამოყენება ტრანსგენდერ ადამიანებს შორის, საქართველოში.“ კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 95 ტრანსგენდერი პირი საქართველოს სამი ქალაქიდან, აჩვენა, რომ აივ ინფექციის გავრცელება 24.1%-ს შეადგენდა, რომელთაგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსგენდერ ქალებში დაფიქსირდა (40.5%). მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ (77%) ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩაიტარა აივ ტესტირება, პრევენციული სერვისებით სარგებლობის მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები კვლავ რჩება, რაც ხაზს უსვამს მიზნობრივი ინტერვენციების საჭიროებას, რომლებიც მიმართულია სტიგმისა და ტესტირების ბარიერების დაძლევაზე. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში PLOS Global Public Health: იხილეთ სტატია სრულად.  

ლიანა შენგელაიამ ავტორობა გაუწის კვლევას „საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში C ჰეპატიტის ვირუსით რეინფექცია და ინექციასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები: გავლენა C ჰეპატიტის ელიმინიაციაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“. 2022 წლის ინტეგრირებული, ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის მონაცემების გამოყენებით, 462 C ჰეპატიტზე ნამკურნალებ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელზე ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რეინფექციის მაჩვენებელი 13% იყო. ახალგაზრდა ასაკი, საჯარო სივრცეებში ნარკოტიკების ინექციური მოხმარება და ოპიოიდების ყოველდღიური ინექცია მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული რეინფექციასთან. მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ზიანის შემცირების ინტეგრირებული სტრატეგიების აუცილებლობას, რომლებიც მოიცავს როგორც ქცევით, ისე გარემოსთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების მოგვარებას. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში PLOS One: იხილეთ სტატია სრულად.   

მაია კაჯაიამ ავტორობა გაუწია კვლევას „კონდომის გამოყენების გავრცელება და პრედიქტორები ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლებს შორის საქართველოში“. კვლევა აფასებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ-ში) კონდომის არასისტემატური გამოყენების გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ პოპულაციაში კონდომის სისტემატური გამოყენების მაჩვენებელი დაბალია. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ზიანის შემცირების პროგრამებში უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების შესახებ საგანმანათლებლო ინტერვენციების ინტეგრაციამ შესაძლოა გააუმჯობესოს კონდომის გამოყენების პრაქტიკა ამ პოპულაციაში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში Harm Reduction Journal: იხილეთ სტატია სრულად.

მარიანა ბუზიაშვილმა გამოაქვეყნა კვლევა „აქტიური ტუბერკულოზის განვითარების ინციდენტობა და რისკ-ფაქტორები აივ დადებით პირებში, საქართველოში“. კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში აივ დადებით პირთა შორის მაღალია ტუბერკულოზის ინციდენტობის მაჩვენებელი და რომ პრევენციული მკურნალობის გამოყენება სათანადოდ არ ხდება. ნაშრომი ხაზს უსვამს აივ და ტუბერკულოზის სერვისების ინტეგრირების საჭიროებას, მათ შორის ტუბერკულოზის პრევენციული თერაპიისა და ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეულ ეტაპზე დანერგვის აუცილებლობას, რათა შემცირდეს ტუბერკულოზთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილიანობა ამ პოპულაციაში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში Open Forum Infectious Diseases: იხილეთ სტატია სრულად.

თამარ ზურაშვილის კვლევა „აივ-სტიგმისა და სხვა ბარიერების გავლენა COVID-19-ის ვაქცინაციის მოცვაზე საქართველოში მცხოვრებ აივ დადებით პირთა შორის“ იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს აივ დადებით პირთა სტიგმა და სხვა ბარიერები მათ მზადყოფნაზე, გაიკეთონ COVID-19-ის ვაქცინა. კვლევამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ეს პოპულაცია ვაქცინაციის პროცესში აწყდება. სტატია დაიბეჭდა ჟურნალში Plos Global Public Health: იხილეთ სტატია სრულად.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა