PRAH-მა აივ პრევენციის მიზნით ვიდეოინტერვენციის ადაპტაციის ახალი კვლევა დაიწყო

PRAH-მა აივ პრევენციის მიზნით ვიდეოინტერვენციის ადაპტაციის ახალი კვლევა დაიწყო

„პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ იწყებს ახალ კვლევას, რომლის მიზანია აივ პრევენციისა და ტესტირების ხელშეწყობისთვის შექმნილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ონლაინ ვიდეოინტერვენციის ადაპტაცია საქართველოს კონტექსტისთვის. ინტერვენცია გათვლილია აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებზე. კვლევა ხორციელდება აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტიგმის შემცირება და აივ პრევენციის გაძლიერება მაღალი რისკის პოპულაციებში საქართველოში“ ფარგლებში.

კვლევის პირველ ეტაპზე PRAH-ი ითანამშრომლებს მაღალი რისკის პოპულაციების წარმომადგენლებთან, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეისწავლოს ის ძირითადი ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს აივ ტესტირებისა და პრევენციული სერვისების გამოყენებაზე. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება ვიდეოინტერვენციის ადაპტაციას, რომელმაც სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებში უკვე აჩვენა ეფექტიანობა აივ ტესტირების მაჩვენებლის გაზრდისა და პრევენციული ქცევების ხელშეწყობის მიმართულებით.

ადაპტირებული ინტერვენცია მოიცავს მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოებსა და ინტერაქტიულ მასალებს, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდის თანამედროვე და პრაქტიკულ ინფორმაციას აივ პრევენციის, აივ თვითტესტირების, პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP), აივ მკურნალობისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სერვისების შესახებ. რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებული ისტორიებისა და პერსონაჟების მეშვეობით ვიდეოები ხელს შეუწყობს აივ-თან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, ცოდნის გაღრმავებასა და აივ პრევენციისა და ტესტირების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ადაპტაციის დასრულების შემდეგ ინტერვენციის ეფექტიანობა შეფასდება ონლაინ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის (RCT) ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 300 მაღალი რისკის პოპულაციის წარმომადგენელი. კვლევის მიზანია შეფასდეს, ზრდის თუ არა ადაპტირებული ვიდეოინტერვენცია აივ ტესტირების სიხშირეს, აუმჯობესებს თუ არა ცოდნას აივ პრევენციის შესახებ, უწყობს თუ არა ხელს პრევენციულ და სამკურნალო სერვისებთან დაკავშირებას და ამცირებს თუ არა აივ-თან დაკავშირებულ სტიგმას.

პროექტს PRAH-ი ახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში აივ პრევენციის სფეროში ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ციფრული ინტერვენციების განვითარებასა და მაღალი რისკის პოპულაციებისთვის აივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა