“A Qualitative Study to Explore Barriers to Accessing Behavioral Health Services among Older People Living with HIV in Georgia”
ავტორები: ესმა იმერლიშვილი, მაია ქაჯაია, ეკა ჭყონია, რამეშ რაგავანი, მამუკა ჯიბუტი
ამ თვისებრივმა კვლევამ სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით შეისწავლა საქართველოში 40 წლისა და უფროსი ასაკის 28 აივ დადებითი პირის ქცევითი ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები. კვლევის შედეგად ძირითად ხელშემშლელ ფაქტორებად გამოვლინდა სტიგმა, კულტურული შეხედულებები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების მიმართ უნდობლობა, ჯანდაცვის ფრაგმენტირებული სისტემა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ნაკლებობა. ამასთან, ქცევითი ჯანმრთელობის სერვისების მიღების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორებად გამოიკვეთა სოციალური მხარდაჭერა და ოჯახური პასუხისმგებლობის განცდა. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს საქართველოში 40 წელს გადავილებული აივ დადებითი პირებისთვის ინტეგრირებული, სტიგმისგან თავისუფალი და პაციენტზე ორიენტირებული ქცევითი ჯანმრთელობის სერვისების განვითარების აუცილებლობას. ჟურნალი: AIDS Care: იხილეთ სტატია სრულად
“Analysis of tuberculosis preventive treatment cascade among people living with HIV in Georgia: a mixed methods study”
ავტორები: მარიანა ბუზიაშვილი, დავით ბალიაშვილი, აკაკი აბუთიძე, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, ნესტანი ტუკვაძე, ოთარ ჩოკოშვილი, ჯეკ დეჰოვიცი, მამუკა ჯიბუტი
ეს შერეული მეთოდების იმპლემენტაციური კვლევა აფასებდა ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის (TPT) მომსახურების კასკადს საქართველოში 1,165 აივ დადებით პირს შორის. კვლევამ გამოავლინა TPT-ის დაწყებისა და დასრულების დაბალი მაჩვენებლები, მომსახურებებს შორის კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის სისტემებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები, ასევე ფრაგმენტირებულ ზრუნვასთან, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის არასაკმარის განვითარებასთან და სამედიცინო პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული ბარიერები. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის აივ სერვისებში ინტეგრირების, მონაცემთა სისტემების გაძლიერებისა და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს TPT-ის მოცვის გაზრდასა და აივ დადებით პირებში ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირებას. ჟურნალი: Open Forum Infectious Diseases: იხილეთ სტატია სრულად
“Barriers and facilitators to implementing an integrated electronic health records system to improve tuberculosis preventive treatment among people living with HIV: a content analysis study from Georgia”
ავტორები: მარიანა ბუზიაშვილი, აკაკი აბუთიძე, ოთარ ჩოკოშვილი, ზაზა ავალიანი, ნატა ყაზახაშვილი, ჯეკ დეჰოვიცი, მამუკა ჯიბუტი
ეს თვისებრივი იმპლემენტაციური კვლევა შეისწავლიდა საქართველოში აივ სერვისებში ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის (TPT) მხარდასაჭერად ინტეგრირებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EHR) სისტემის დანერგვის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს. იმპლემენტაციური კვლევის კონსოლიდირებული ჩარჩოს გამოყენებით კვლევამ აჩვენა, რომ ინტეგრირებული EHR სისტემის დანერგვის მიმართ მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ბარიერები კვლავ უკავშირდება კონფიდენციალურობის დაცვას, სტიგმას, სამართლებრივ შეზღუდვებს, ინფრასტრუქტურას, დაფინანსებასა და ადამიანური რესურსების შესაძლებლობებს. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ეტაპობრივ, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ იმპლემენტაციის სტრატეგიის აუცილებლობას, რომელიც გააუმჯობესებს მომსახურების კოორდინაციას, გააძლიერებს ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის მიწოდებას და ხელს შეუწყობს პაციენტზე ორიენტირებული აივ სერვისების განვითარებას. ჟურნალი: Frontiers in Digital Health: იხილეთ სტატია სრულად
“Disclosing HIV status to sexual partner: findings from a People Living with HIV Stigma Index 2.0 study in the country Georgia”
ავტორები: თამარ ზურაშვილი, მარიამ ფაშალიშვილი, ვალერი ა. ერნშოუ, ჰიუნგროკ დო, ნატალია ზაქარეიშვილი, ჯეკ დეჰოვიცი, სიუზან მ. უოლტერსი, მამუკა ჯიბუტი
ამ კვლევაში შეფასდა ფაქტორები, რომლებიც საქართველოში აივ დადებითი პირების მიერ სქესობრივი პარტნიორისთვის აივ სტატუსის გამჟღავნებას უკავშირდება, PLWH Stigma Index 2.0-ის მონაცემების საფუძველზე. 765 მონაწილიდან მესამედზე მეტს საკუთარი აივ სტატუსი სქესობრივი პარტნიორისთვის არ ჰქონდა გამჟღავნებული, მიუხედავად იმისა, რომ ახლო გარემოცვასთან სტატუსის გაზიარება უფრო ხშირი იყო. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ინტერნალიზებული სტიგმა ფართოდ იყო გავრცელებული: მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავდა დანაშაულის, სირცხვილისა და საკუთარი თავის გაუფასურების განცდას. მულტივარიაციულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასაკი, პარტნიორის აივ სტატუსის ცოდნა, წარსულში სტატუსის გამჟღავნების დადებითი გამოცდილება და განცდილი სტიგმა დაკავშირებული იყო სქესობრივი პარტნიორისთვის აივ სტატუსის გამჟღავნების უფრო მაღალ ალბათობასთან. კვლევის შედეგები მიუთითებს ისეთი გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტერვენციების საჭიროებაზე, რომლებიც აივ დადებით პირებს დაეხმარება სტატუსის გამჟღავნებასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, სტიგმის შემცირებასა და აივ მოვლისა და მკურნალობის სერვისებში ჩართვის გაუმჯობესებაში. ჟურნალი: PLOS ONE: იხილეთ სტატია სრულად
“Using nominal group technique to select an HIV status disclosure decision aid for adaptation in Georgia”
ავტორები: თამარ ზურაშვილი, მარიამ ფაშალიშვილი, აკაკი აბუთიძე, ფიონა ეველინი, ნინო ჩიხლაძე, მამუკა ჯიბუტი
ამ კვლევაში ნომინალური ჯგუფის ტექნიკა გამოყენებულ იქნა საქართველოში აივ დადებითი პირებისთვის აივ სტატუსის გამჟღავნების გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციის გამოსავლენად და პრიორიტეტიზაციისთვის. ცალკე ჩატარებულმა კონსენსუსის სესიებმა აივ სერვისების მიმწოდებლებთან და აივ დადებით პირებთან აჩვენა, რომ ამ ორ ჯგუფს განსხვავებული პრეფერენციები ჰქონდა: მომსახურების მიმწოდებლები უპირატესობას ანიჭებდნენ მასშტაბირებად ციფრულ ინტერვენციას, ხოლო აივ დადებითი პირები ინდივიდუალურ, სესიებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას, რომელიც თანასწორის აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებდა. ერთობლივი კონსენსუსის შეხვედრის შემდეგ ადაპტაციისთვის შეირჩა სწორედ აივ დადებითი პირების მიერ პრიორიტეტულად დასახელებული ინტერვენცია. კვლევამ ასევე განსაზღვრა ადაპტაციის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის თანასწორთა ჩართვა, სტატუსის გამჟღავნებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის გარემოზე მორგება, ასევე ადგილობრივი კონტექსტისთვის რელევანტური ინფორმაციის ინტეგრირება სამართლებრივ საკითხებზე, მკურნალობისადმი დამყოლობასა და ხელმისაწვდომ მხარდამჭერ სერვისებზე. ეს შედეგები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში აივ-სტატუსის გამჟღავნების გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტერვენციის კულტურული ადაპტირებისა და დანერგვისთვის. ჟურნალი: PLOS ONE: იხილეთ სტატია სრულად
“Barriers and Facilitators of Condom Use among People Who Inject Drugs in Georgia: A Qualitative Study Guided by the COM-B Model”
ავტორები: თამარ ზურაშვილი, მაია ქაჯაია, ოლუვაბუსაიომი აკეჯუ, ჯეკ დეჰოვიცი, მამუკა ჯიბუტი
ეს თვისებრივი კვლევა, რომელიც Capability, Opportunity, Motivation–Behavior (COM-B) მოდელს ეყრდნობოდა, შეისწავლიდა საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს (PWID) შორის პრეზერვატივის გამოყენების ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს. სიღრმისეულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ პრეზერვატივის გამოყენების ძირითად ბარიერებს წარმოადგენდა სქესობრივი სიამოვნების შემცირების აღქმა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება და რეგულარულ პარტნიორთან ინფიცირების დაბალი რისკის აღქმა. ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოიკვეთა აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციის შესახებ ცოდნა, პრეზერვატივებზე მარტივი ხელმისაწვდომობა, პარტნიორის მხარდაჭერა, თანასწორებს შორის ინფორმაციის გაზიარება და საკუთარი თავისა და პარტნიორის დაცვის ძლიერი მოტივაცია. კვლევის შედეგები წარმოაჩენს ინდივიდუალური, სოციალური და სტრუქტურული ფაქტორების კომპლექსურ ურთიერთქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენს პრეზერვატივის გამოყენებაზე, და ხაზს უსვამს კულტურულად ადაპტირებული ინტერვენციების აუცილებლობას, რომლებიც გააუმჯობესებს პრეზერვატივების ხელმისაწვდომობას, გააძლიერებს მოლაპარაკებისა და უარის თქმის უნარებს, გაითვალისწინებს სქესობრივ სიამოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში უსაფრთხო სქესობრივი ქცევის წახალისებას. ჟურნალი: PLOS ONE: იხილეთ სტატია სრულად
“Service Capacity of Institutions Serving the Mental Health Needs of Persons Living with HIV in Georgia”
ავტორები: მარიამ ფაშალიშვილი, თამარ ზურაშვილი, ემელი ჯ. ანდერსონი, მაია ქაჯაია, ეკა ჭყონია, პაატა იმნაძე, რამეშ რაგავანი, მამუკა ჯიბუტი
ეს კვლევა აფასებდა საქართველოში აივ დადებითი პირებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების სერვისების ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციასა და პაციენტების გადამისამართების პრაქტიკას. კვლევამ გამოავლინა სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული უთანასწორობა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ სერვისების შეზღუდული ინტეგრაცია, ასევე პაციენტების გადამისამართების ფრაგმენტირებული სისტემა, რასაც თან ახლდა სუსტი კავშირები აივ-ის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორებს შორის. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ქცევითი ჯანმრთელობის სერვისების აივ სერვისებში ინტეგრირების და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის გადამისამართების სისტემის გაძლიერების აუცილებლობას, რათა გაუმჯობესდეს აივ დადებითი პირებისთვის ყოვლისმომცველი, პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ხარისხი. ჟურნალი: AIDS Care: იხილეთ სტატია სრულად
“HIV and syphilis prevalence and related unsafe sexual behaviors among people who inject drugs in Georgia”
ავტორები: მაია ქაჯაია, მამუკა ჯიბუტი, ჯეკ დეჰოვიცი, გიორგი კამკამიძე, დავით ბალიაშვილი, მარიკა კოჭლამაზაშვილი, გიორგი ყანჩელაშვილი, მაია ბუწაშვილი
ეს ბიოქცევითი კვლევა აფასებდა საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (PWID) აივ-ისა და სიფილისის გავრცელებას და მათთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს. კვლევამ აჩვენა აივ-ის დაბალი გავრცელება (0.9%) და შედარებით მაღალი სიფილისის გავრცელება (2.1%). აივ ინფექცია დაკავშირებული იყო ინექციური ნარკოტიკების მოხმარების უფრო ხანგრძლივ ისტორიასთან და აივ პრევენციულ სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან, ხოლო სიფილისი — სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის ქცევებთან. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ზიანის შემცირების სერვისებში სქესობრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგის, კონსულტირებისა და უსაფრთხო სექსის შესახებ განათლების მიმართულებით. ჟურნალი: BMJ Open: იხილეთ სტატია სრულად
“Exploring factors associated with primary healthcare providers’ attitude towards HIV services provision in Georgia”
ავტორები: თათია მაღლაფერიძე, თამარ ზურაშვილი, ჯეკ დეჰოვიცი, ნესტანი ტუკვაძე, მამუკა ჯიბუტი
ეს კვლევა აფასებდა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების აივ-თან დაკავშირებულ ცოდნას, დამოკიდებულებებსა და პრაქტიკას, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებაზე აივ სერვისების მიწოდების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამდა აივ დადებითი პირებისთვის მომსახურების გასაწევად, კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ცოდნის დეფიციტი აივ-ისა და ანტირეტროვირუსული თერაპიის შესახებ, ასევე აივ-ის გადაცემასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენები და დისკრიმინაციული შეხედულებები. თბილისის გარეთ მომუშავე პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერები უფრო მეტად ავლენდნენ პოზიტიურ დამოკიდებულებას აივ სერვისების მიწოდების მიმართ, მაშინ როდესაც დისკრიმინაციული შეხედულებები და პროფესიული საქმიანობისას აივ-ით ინფიცირების გადაჭარბებული აღქმა ნაკლებად პოზიტიურ დამოკიდებულებასთან იყო დაკავშირებული. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების საჭიროებას, რომლებიც გააუმჯობესებს აივ-ის შესახებ ცოდნას, შეამცირებს სტიგმას და გააძლიერებს პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების შესაძლებლობებს, უზრუნველყონ ინკლუზიური და ინტეგრირებული აივ სერვისების მიწოდება საქართველოში. ჟურნალი: BMC Health Services Research: იხილეთ სტატია სრულად
“Barriers and Facilitators to HIV Testing Among Transgender People in Georgia: Qualitative Study Results Using the COM-B Framework”
ავტორები: მარინე გოგია, თამარ ზურაშვილი, ჯეკ დეჰოვიცი, მამუკა ჯიბუტი
ეს თვისებრივი კვლევა, რომელიც Capability, Opportunity, Motivation–Behavior (COM-B) მოდელს ეყრდნობოდა, შეისწავლიდა საქართველოში ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების აივ-ზე ტესტირების ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს. კვლევამ გამოავლინა ისეთი ბარიერები, როგორიცაა აივ-ის შესახებ არასაკმარისი ცოდნა, ინფიცირების დაბალი აღქმული რისკი, სტიგმა და დისკრიმინაცია, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული შიშები, გეოგრაფიული ბარიერები და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. ამასთან, აივ-ზე ტესტირების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებად გამოიკვეთა თემზე დაფუძნებული სერვისები, თანასწორთა მხარდაჭერა, თვითტესტირება და უფასო, კონფიდენციალური ტესტირების შესახებ ინფორმირებულობა. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე მორგებული, დეცენტრალიზებული, თემის მიერ მართული და სტიგმისგან თავისუფალი აივ ტესტირების სერვისების განვითარების აუცილებლობას. ჟურნალი: PLOS Global Public Health: იხილეთ სტატია სრულად