ესმა იმერლიშვილი
ესმა იმერლიშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა. გარდა ამისა, ის არის სერტიფიცირებული ექიმი ინფექციონისტი. ამჟამად ესმა მუშაობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში "რეალური ხალხი რეალური ხედვა" სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კონსულტანტის პოზიციაზე და ასევე არის მიწვეული ლექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისი სადოქტორო კვლევითი პროექტია „აივ ტესტირებისა და კონსულტირების მიწოდებისა და მოცვის გაუმჯობესებისთვის ეფექტური ინტერვენციების იდენტიფიცირება მსმ პოპულაციაში, საქართველოში“.
კვლევა მიზნად ისახავს ისეთი ეფექტური ინტერვენციების იდენციფიცირებას, რაც ხელს შეუწყობს მსმ პოპულაციაში აივ ტესტირებისა და კონსულტირების მიწოდების გაუმჯობესებას და აქვს სამი ძირითადი ამოცანა. პირველი ამოცანის ფარგლებში მოხდება მსმ პოპულაციაში ჩატარებული ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის (2015 და 2018 წლების) მონაცემების მეორეადი ანალიზი და უპასუხებს შეკითხვას: რა ფაქტორები უკავშირდება მსმ თემის წარმომადგენლების ჩართვა/არ ჩართვას კონსულტირებისა და ტესტირების სერვისებში საქართველოში? მეორე ამოცანა, თვისებრივი კვლევის ჩატარების მეშვეობით, გამოავლენს მსმ-ებში ტესტირებისა და კონსულტირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს. მესამე ამოცანა მიზნად ისახავს კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების გაუმჯობესებაზე მიმართული შესაბამისი ინტერვენციის იდენტიფიცირებას სამაგიდო მიმოხილვისა და პირველი და მეორე ამოცანის შედეგების გათვალისწინებით. დაგეგმილია ინტერვენციის ადაპტირება, პილოტირება და შეფასება.