მაია ქაჯაია
მაია ქაჯაია ფლობს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომს სამკურნალო საქმის სპეციალობით. მას, ასევე, მინიჭებული აქვს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმი. გარდა ამისა, ის არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი. მისი კვლევითი პროექტი შეისწავლის „ეპიდემიოლოგიას, ცოდნას, დამოკიდებულებას და პრაქტიკას სისხლის გზით გადამდები დაავადებების და SARS-CoV-2 ინფექციის კონტროლის მიმართ ჯანდაცვის მუშაკებში საქართველოში“.
კვლევის მიზანია ჯანდაცვის მუშაკებს შორის სისხლის გზით გადამდები ინფექციების უსაფრთხოების უნივერსალური ზომების შესახებ ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება, აივ ინფექციის B და C ჰეპატიტების გავრცელების განსაზღვრა, B ჰეპატიტის ვაქცინაციის მოცვის და იმუნიზაციის შემდგომი სეროკონვერსიის მაჩვენებლის დადგენა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში მოხდება საქართველოს ჯანდაცვის მუშაკებში აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტების გავრცელების, ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის ცვლილებების შეფასება 2006-2007 წლებთან შედარებით. კვლევის დამატებითი მიზანია, ჯანდაცვის მუშაკებს შორის SARS-CoV-2 ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესახებ ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის განსაზღვრა.