თათია მაღლაფერიძე
თათია მაღლაფერიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს. ასევე აქვს დამთავრებული, ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამა ფტიზიატრია-პულმონოლოგიაში და არის სერტიფიცირებული ექიმი. გავლილი აქვს ერასმუს + მიერ დაფინანსებული M2 მაგისტრის პროგრამა ქ. პარიზის “Paris est Creteil Val De Marne”-ის უნივერსიტეტში. მისი შესწავლის საგანი გახლდათ ბიოთერაპია, უჯრედები, ქსოვილები და გენები. ამჟამად თათია მუშაობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში კვლევის კოორდინატორად. ის ასევე არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტში და უძღვება მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის კურსს საქართველოს უნივერსიტეტში.
მისი კვლევითი პროექტი ეხება „მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში აივ-ის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის გაუმჯობესებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“.
კვლევის მიზანია, განსაზღვროს ხარვეზები და ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში ინტეგრირებული სკრინინგის ეფექტურ განხორციელებას სამედიცინო დაწესებულებებში. ასევე, სკრინინგის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. სპეციფიკური ამოცანები შემდეგია: (1) ინტეგრირებულ სკრინინგთან დაკავშირებით სამედიცინო პროვაიდერების ცოდნის, პრაქტიკისა და დამოკიდებულების შეფასება; (2) დამატებითი ფაქტორების გამოკვლევა, ინდივიდუალურ, სისტემურ და ორგანიზაციულ დონეზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს/შეაფერხოს ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელება და (3) მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციის შერჩევა, ადაპტირება და შეფასება, რომელიც გამოყენებული იქნება, საქართველოში ინტეგრირებული სკრინინგის გასაუმჯობესებლად.