სტიგმის შემცირება და აივ პრევენციის გაძლიერება მაღალი რისკის პოპულაციებში საქართველოში
დონორი: აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები, ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი
თემატიკა: მოცემული კვლევითი პროექტის მთავარი მიზანია ვიდეოზე დაფუძნებული ინტერვენციის ადაპტაცია და პილოტური ტესტირება, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმის შემცირებას და აივ ტესტირებისა და ზრუნვაში ჩართვის გაზრდას მაღალი რისკის პოპულაციებს შორის საქართველოში. განსაზღვრულია შემდეგი სპეციფიკური მიზნები:
მიზანი 1a: შესაბამისი თეორიული ჩარჩოების გამოყენებით, აივ ტესტირებასთან დაკავშირებით ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა მაღალი რისკის პოპულაციებს შორის. ამისთვის ჩატარდება 40 სიღრმისეული ინტერვიუ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე სოციალური მედიის საშუალებით რეკრუტირებულ მაღალი რისკის პოპულაციების წარმომადგენლებთან.
მიზანი 1b: თეორიაზე დაფუძნებული ვიდეოებისა და საგანმანათლებლო ქვიზების ეტაპობრივი ადაპტაცია და ოპტიმიზაცია, სოციალური სწავლისა და სოციალურ კოგნიტური თეორიების საფუძველზე, თემის საკონსულტაციო ჯგუფისა და ქართველი ექსპერტების ხელმძღვანელობით, კულტურული შესაბამისობისა და განხორციელებადობის უზრუნველსაყოფად.
მიზანი 2a: ჩატარდება პილოტური 1:1 ონლაინ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, დაუყოვნებელი და გადავადებული ინტერვენციის ჯგუფების შედარებით, რათა შეფასდეს განხორციელებადობა, მიმღებლობა და ეფექტიანობა აივ ტესტირების გაზრდისა და (პრევენციულ) მკურნალობაში ჩართვის მიმართულებით.
მიზანი 2b: შეფასდება, წარმოადგენს თუ არა მოსალოდნელი და ინტერნალიზებული აივ სტიგმის ცვლილებები ინტერვენციის ეფექტის მედიატორს აივ ტესტირებისა და ზრუნვაში ჩართვისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან:
- ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი
- თანასწორობის მოძრაობა
- თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი